როგორ გადმოიტანეს ბაქოდან 300 მილიონი დოლარი ომის დღეებში - გიორგი ქადაგიძის ისტორია

loading...


როგორ გადმოიტანა აზერბაიჯანიდან საქართველოში 2008 წელს 300 მლნ დოლარი გიორგი ქადაგიძემ? ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე გაიხსენა ისტორია, როგორ გადაარჩინა ქვეყნის საბანკო სისტემა. 
„2008 წლის 10 აგვისტო: არავინ, ცხადია, ომისთვის მზად არ იყო და არც - ჩვენ. რუსეთის აგრესიის მერე, პირველი, რაც მოხდა ბევრ სხვა ფაქტორთან ერთად, რაც საკმაოდ ბუნებრივი რეაქციაა, ადამიანებმა მიაკითხეს ბანკებს და დაიწყეს ანაბრების გამოტანა, რამაც გამოიწვია ის, რომ გაჩნდა ძალიან დიდი დეფიციტი ბანკნოტების და საჭირო გახდა ქვეყანაში სასწრაფოდ ფულის ჩამოტანა. ჩვენ შევუკვეთეთ მაშინ ფული, იმისთვის, რომ ბანკები მოგვემარაგენინა. საუბარია, 300 მლნ დოლარზე.

ბანკებს, ცხადია, არ ვეუბნებით - ვუთხარით, რომ სავსე გვაქვს საცავები და ყველას შეგეძლებათ ხვალ დილიდან წაიღოთ თანხა და დააკმაყოფილოთ მოსახლეობის მოთხოვნა იმისთვის, რომ არ იყოს პანიკა, მაგრამ ღამის 9 საათზე მოხდა ის, რომ ფორსმაჟორი გამოცხადდა - საქართველოს საჰაერო სივრცე სამოქალაქო გადაზიდვებისთვის დაიხურა და ავიაკომპანიამ თქვა, რომ თბილისში თვითმფრინავს ვერ დასვამდა. 

ჩვენ მოგვიწია თვითმფრინავის დასმა და მოძმე სახელმწიფოს - აზერბაიჯანის დახმარებით, ასეთი ოპერაციის ჩატარება: ორი საინკასაციო მანქანა გადავიდა ღამე ჩუმად აზერბაიჯანში, დახვდა ბაქოში 300 მლნ დოლარს და ჩუმად ბრუნდება თბილისში - თითო საინკასაციო მანქანა დატვირთული ამ უზარმაზარი თანხით. 

ამ დროს ტელევიზორში ვხედავთ, რუსი ჯარისკაცები როგორ შედიან სენაკის და გორის სამხედრო ბაზაზე და იქიდან გააქვთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი და ა.შ. ალბათ, წარმოგიდგენიათ, ამის შესახებ, რომ თუნდაც საშუალო რანგის რუსეთის არმიის მსახურებს გაეგოთ, რა ამბავი მოჰყვებოდა ამას. დარწმუნებული ვარ, არათუ ფულის უსაფრთხოება, მთლიანად ადამიანების უსაფრთხოება ამ ტერიტორიაზე დადგებოდა დიდი საფრთხის ქვეშ. 





მხოლოდ და მხოლოდ ერთი სანდო ადამიანი, არადაკავშირებული საინკასაციო საქმიანობასთან, ჩავსვით საინკასაციო მანქანაში, მივეცით მას სპეციალური ტელეფონი და ვუთხარით, რომ შენ დაგვირეკავ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაღაც პრობლემაა. ჩვენი გათვლებით, დილის 4 საათისთვის ეს ორი მანქანა წითელ ხიდზე გადმოკვეთდა საზღვარს, 5 საათისთვის ჩვენ გავავსებდით საცავებს და მივაწვდიდით კომერციულ ბანკებს. დაახლოებით, 3-ის ნახევარზე რეკავს ეს ტელეფონი. სანამ ვუპასუხებდი, მართლა ფილმებში რომ არის, მთელმა ცხოვრებამ გაიარა ერთ წამში. ვუპასუხე და მან თქვა, რომ დაახლოებით, 100 კმ-ში ვდგევართ აზერბაიჯანის მხარეს, საზღვრის პირას და ერთ-ერთი მანქანა გაფუჭდა. უბრალოდ ჩაქრა. ირგვლივ არაფერი არ არის, ვართ 6 ინკასატორი, ორი მძღოლი, მე და 2 ესკორტის მანქანა მცირე დოზით. 

მოგვიწია თბილისიდან გაგზავნა ახალი ინკასაციის მანქანის და დილის 4 საათზე 6-მა ინკასატორმა დაცალა 1 მანქანა სავსე უზარმაზარი რაოდენობის ბანკნოტით, დატვირთა ახალი მანქანა, დაადო ლუქი და უსაფრთხოდ ჩამოიყვანა ეს მანქანები თბილისში. ისე რომ, დილის 6 საათზე, სულ რაღაც ნახევარი საათის დაგვიანებით, მთელი საბანკო სისტემა გამართულად მუშაობდა. 

ერთი შეხედვით ეს შეიძლება არაფერი ისტორია იყოს იმასთან შედარებით, თუ რა თავგანწირვით იბრძოდნენ ჩვენი ბიჭები და გოგოები ფრონტის ხაზზე, მაგრამ სინამდვილეში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რუსეთს ვამარცხებთ, გვინდა გამართული სახელმწიფო, ესაა გმირობა, რომ ადამიანი, რომელსაც 700-800 ლარი აქვს ხელფასი, მზადაა, ასეთი რამ გააკეთოს დილის 6 საათზე ისე, რომ არ დაებადოს განსხვავებული აზრი; ეს არის ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა“-გაიხსენა გიორგი ქადაგიძემ

скачать dle 11.3
1 252 / 08 август 2019
სხვა სიახლეები
loading...
კომენტარები